შესავალი სათვგადასავლო ტურიზმში
შესავალი
გამყოლის პროფესიული კრედო:
დასახული მიზნის მიღწევა რისკის მისაღები დონით, მაქსიმალური კომფორტით და კმაყოფილი სტუმრის სახლში დაბრუნება.
მოგესალმებით კურსზე „სათვგადასავლო ტურიზმის საფუძვლები “. სათავგადასავლო ტურიზმი სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს საქართველოში. იზრდება როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა. სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება აქტივობები, რომლითაც ინტერესდებიან მოგზაურები. ამ კურსის მიზანია მსმენელს შეუქმნას ერთიანი სურათი და წარმოდგენა თუ რა არის სათავგადასავლო ტურიზმი, მისი ისტორიული ფესვებიდან დაწყებული დღევანდელი ფორმებით დასრულებული. კურსი გამიზნულია მომავალი სათავგადასავლო გამყოლებისათვის, შესაბამისად, უფრო მეტი აქცენტი გაკეთდა სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიული ატრიბუტების და ელემენტების აღწერაზე. წინამდებარე მასალა დაგეხმარებათ ჩამოიყალიბოთ ერთიანი ხედვა სათავგადასავლო ტურიზმის სამყაროზე. ეს კურსი ასევე გამოგადგებათ მომდევნო მასალის უკეთ გასაგებად.
კურსის გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ
- როგორ განვითარდა და გარდაიქმნა ადამიანის ლტოლვა აღმოჩენებისადმი უძველესი ექსპედიციებიდან ერთ-ერთ ყველაზე პოპულარ დასვენების და გართობის საშუალებად - სათავგადასავლო ტურიზმის ინდუსტრიად.
- რა არის სათავგადასავლო ტურიზმის ფუნდამენტური პრინციპები და ღირებულებები, ბუნებისდაცვითი და კულტურული მემკვიდრეობის ჩათვლით.
კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ
-
აღწეროთ სხვადასხვა სათვგადასავლო აქტივობები და განავითაროთ თქვენი ცოდნა თქვენთვის საინტერესო მიმართულებებით.
-
მიღებული ცოდნა გამოიყენოთ და გადაიტანოთ პრაქტიკაში სამოყვარულო აქტივობების თუ პროფესიული სწავლების დროს.
სწავლის შედეგების თემატიკა - შინაარსი:
თემატიკა 1.1: საიდან იწყება სათვგადასავლო ტურიზმი?
საკითხი 1.1.1. სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ისტორიული საფუძვლები
საკითხი 1.1.2. სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ისტორია საქართველოში
თემატიკა 1.2: რა არის სათვგადასავლო ტურიზმი
საკითხი 1.2.1. სათავგადასავლო ტურიზმის თანამედროვე განმარტებები
საკითხი 1.2.2. რისგან შედგება სათავგადასავლო გარემო?
თემატიკა 1.3: სათავგადასავლო ტურიზმის ღირებულებები და პრინციპები
საკითხი 1.3.1. უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა
საკითხი 1.3.2. ბუნებაზე ზრუნვის საბაზისო პრინციპები
საკითხი 1.3.3. ადგილობრივი კულტურის და ტრადიციების გაფრთხილება
თემატიკა 1.4: სათავგადასავლო ტურიზმის ინდუსტრია
საკითხი 1.4.1. სათავგადასავლო ტუროპერატორები
საკითხი 1.4.2. სათავგადასავლო გამყოლები, ინსტრუქტორები
საკითხი 1.4.3. აღჭურვილობის მწარმოებლები, მაღაზიები, გაქირავების პუნქტები
საკითხი 1.4.4. ეროვნული და რეგიონული ტურისტული ორგანიზაციები
საკითხი 1.4.5. განთავსების ობიექტები
საკითხი 1.4.5. სატრანსპორტო სისტემა
საკითხი 1.4.6. ბუნებადაცვითი ორგანიზაციები
საკითხი 1.4.7. სათავგადასავლო სპორტების კლუბები და ფედერაციები
საკითხი 1.4.8. ადგილობრივი თემი
საკითხი 1.4.9. მედია, ფოტო-ვიდეო წარმოება
საკითხი 1.4.10. საგანმანათლებლო და ტრენინგ ინსტიტუციები
საკითხი 1.4.11. სათვგადასავლო ტურიზმის ასოციაციები
თემატიკა 1.5: სათავგადასავლო აქტივობები საქართველოში
საკითხი 1.5.1. სათავგადასავლო აქტივობები ხმელეთზე
საკითხი 1.5.2. სათავგადასავლო აქტივობები წყალზე
საკითხი 1.5.3. სათავგადასავლო აქტივობები ჰაერში
საკითხი 1.5.4. სათავგადასავლო აქტივობები შერეულ გარემოში
თემატიკა 1.1:
საიდან იწყება სათვგადასავლო ტურიზმი?
სათვგადასავლო აქტივობა:
ადამიანის ნებაყოფლობითი არჩევანი რეკრეაციის, სიამოვნების თუ სპორტული შედეგის მიღწევის მიზნით შეეხოს ბუნებაში არსებულ საფრთხეებს, რომელთაც შეიძლება ადამიანს მიაყენონ ზიანი.
საკითხი 1.1.1. სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ისტორიული საფუძვლები
-
V-XV სს_შუასაუკუნეების პერიოდის (Medieval Age) მოგზაურები
-
XV-XVII სს_აღმოჩენების პერიოდის (Discovery Age) მოგზაურები
-
XVII-XIX სს_კვლევის და შემეცნების ეპოქის (Exploration and Enlightment Age) მოგზაურები
-
XIX- XX სს_ალპინიზმის აღზევების ეპოქა
-
XIX ბოლო, XXს_სამონადირეო მოგზაურობის (საფარის) ოქროს ხანა
-
XX ს მეორე ნახევარი_ტურისტული ინდუსტრიის განვითარება
-
XXI ს_ციფრული ეპოქის ტენდენციები სათვგადასავლო ტურიზმში
საკითხი 1.1.2. სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ისტორია საქართველოში
-
საქართველოში სამთო-საგამყოლო საქმიანობის ისტორია
-
ქართული ალპინიზმის ისტორია
-
საქართველოს სამთო-თხილამურების განივთარების ისტორია
-
მეკლდეურობის განვითრების ისტორია
-
საქართველოში ცხენოსნობის განვითარების ისტორია
თემატიკა 1.2:
რა არის სათვგადასავლო ტურიზმი
საფრთხე:
ის, რასაც აქვს პოტენციალი მიაყენოს ზიანი ადამიანს; რისკი - პოტენციური საშიშროების რეალიზების ალბათობა, რასაც შეუძლია ადამიანისთვის ზიანის მიყენება
საქართველოს ტურიზმის კანონი:
მოგზაურობა ან/და ფიზიკური აქტივობა, რომელიც ხორციელდება მიწაზე, წყალსა და ჰაერში, სხვადასხვა რელიეფისა და კლიმატური ზონის, უჩვეულო, ეგზოტიკურ, მოშორებულ, დაუსახლებელ (მიუვალ) ადგილებში ე.წ. „კომფორტული, ჩვეული ზონის“ გარეთ, ან სპეციალურად მოწყობილ და აღჭურვილ არეალში. სათავგადასავლო ტურიზმის ერთერთი მთავარი მიზანია შთაბეჭდილებების, მათ შორის ექსტრემალური ფიზიკური და ემოციური გამოცდილების მიღება, რასთანაც დაკავშირებული საფრთხე არ გამორიცხავს მოგზაურის ფიზიკურ დაზიანებას და მისი თანამდევი შედეგების რისკებს.
საკითხი 1.2.1. სათავგადასავლო ტურიზმის თანამედროვე განმარტებები
-
ვიკიპედია: სათავგადასავლო ტურიზმი არის ტურიზმის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გულისხმობს შორეულ, ეგზოტიკურ, ეკოლოგიურად სუფთა, ხშირად საფრთხეებიან ადგილებში მოგზაურობას. სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარობა სწრაფად იზრდება. სათავგადასავლო მოგზაურობად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ტურისტული აქტივობა, რომლის შემადგენელი კომპონენტებია: ფიზიკური აქტივობა, კულტურული შემეცნება და ბუნების ჩართულობა;
-
საქართველოს ტურიზმის კანონი: საქართველოს ტურიზმის კანონი ასე განსაზღვრავს სათავგადასავლო ტურიზმს: მოგზაურობა ან/და ფიზიკური აქტივობა, რომელიც ხორციელდება მიწაზე, წყალსა და ჰაერში, სხვადასხვა რელიეფისა და კლიმატური ზონის, უჩვეულო, ეგზოტიკურ, მოშორებულ, დაუსახლებელ (მიუვალ) ადგილებში ე.წ. „კომფორტული, ჩვეული ზონის“ გარეთ, ან სპეციალურად მოწყობილ და აღჭურვილ არეალში. სათავგადასავლო ტურიზმის ერთერთი მთავარი მიზანია შთაბეჭდილებების, მათ შორის ექსტრემალური ფიზიკური და ემოციური გამოცდილების მიღება, რასთანაც დაკავშირებული საფრთხე არ გამორიცხავს მოგზაურის ფიზიკურ დაზიანებას და მისი თანამდევი შედეგების რისკებს.
-
მსოფლიო ტურიზმის ორგნიზაცია (UNWTO) და სათავგადასავლო ტურიზმის სავაჭრო ასოციაცია (ATTA): ასე აღწერს სათავგდასავლო ტურიზმს: მოგზაურობა, რომელიც მოიცავს სამ მახასაიათებელს - ფიზიკური აქტივობა, ბუნებრივი გარემო და კულტურასთან ზიარება.
საკითხი 1.2.2. რისგან შედგება სათავგადასავლო გარემო?
-
ველური ბუნება: როგორც წესი, სათავგადასავლო ტურიზმი მიმდინარეობს ველურ გარემოში, როგორიცაა მთები, კლდეები, ტყეები, მდინარეები, უდაბნოები, ა.შ. ეს გარემო საშუალებას აძლევს სათავგადასავლო ტურში ჩართულ მონაწილეებს განიცადონ და დააფასონ ბუნების სილამაზე.
-
საჭირო უნარები და გამოწვევები: სათავგადასავლო აქტივობები მოითხოვს გარკვეული დონის ტექნიკურ უნარებს, ფიზიკურ მომზადებას და გონებრივ გამძლეობას. სათვგადასვლო ტურის მონაწილეები ხშირად გადიან თავიანთი კომფორტის ზონიდან, რათა გადალახონ გამოწვევები, განავითარონ ახალი უნარები, განიცადონ პიროვნული ზრდა.
-
უსაფრთხოებისა და რისკის მართვა: სათავგადასავლო ტურიზმში უსაფრთხოება უმთავრესი საზრუნავია. ოპერატორები და გამყოლები პრიორიტეტს ანიჭებენ რისკის მართვას, რისთვისაც ახორციელებენ უსაფრთხოების სხვადასხვა ზომებს, მათ შორის, გამოიყენებენ შესაბამის აღჭურვილობას, მონაწილეების ტრენინგს ტურის წინ და საგამყოლო პრაქტიკას. სათავგადასავლო ტურიზმში მნიშვნელოვანია ინდუსტრიის უსაფრთხოების სტანდარტებისა და გამყოლობის პრაქტიკის დაცვა.
-
კულტურული გამოცდილება: სათავგადასავლო ტურიზმი ხშირად მოიცავს შესაძლებლობებს კულტურული ინტეგრაციისთვის, სადაც მოგზაურები ერთვებიან ადგილობრივ თემებთან, სწავლობენ მათ ტრადიციებს და გამოცდიან მათი ცხოვრების წესს. ეს შეიძლება მოიცავდეს ადგილობრივ თემებთან ურთიერთობას, ადგილობრივ ფესტივალებში მონაწილეობას ან ტრადიციული ხელოვნებისა და ხელნაკეთობების შესწავლას.
-
მდგრადობის პრაქტიკა: სათავგადასავლო ტურიზმი ხელს უწყობს მდგრადი ტურიზმის პრაქტიკას, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე და ადგილობრივ თემზე. მდგრადობის პრაქტიკა მოიცავს Leave No Trace (ნუ დატოვებ კვალს) პრინციპებს, ადგილობრივი ეკონომიკის მხარდაჭერას, კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემას და გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
-
განათლება და ინტერპრეტაცია: სათავგადასავლო ტურიზმი სთავაზობს ვიზიტორს საგანმანათლებლო და შემეცნებით კომპონენტებს, რაც საშუალებას აძლევს მონაწილეებს გაეცნონ ბუნებრივ გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, გეოგრაფიას, გეოლოგიას და იმ ადგილების კულტურულ ისტორიას, რომლებსაც ისინი სტუმრობენ. გამყოლების როლი საკვანძოა სათავგადსავლო ტურიზმში. ისინი უზრუნველყოფენ ინტერპრეტაციას საერთო გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
-
პიროვნული განვითარება: სათავგადასავლო ტურიზმის მონაწილეები ხშირად დგანან ფიზიკური და გონებრივი გამოწვევების წინაშე, რაც ხელს უწყობს მათ პიროვნულ განვითარებას და ზრდას. სათავგადასავლო ტურიზმი თავაზობს ადამიანებს შესაძლებლობებს საკუთარი თავის აღმოჩენისთვის, მდგრადობის გაძლიერებისთვის, თავდაჯერებულობის ამაღლებისთვის და წარმატების განცდისათვის.
-
სათავგადასავლო მოგზაურობის მიმართულებები: სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებები ფართოა და განსხვავებული. საქართველო ვიზიტორებს სთავაზობს სათავგადსავლო აქტივობების ძალიან ფართო სპექტრს - ხმელეთზე, წყალზე და ჰაერში.
ბმულები: (მიმდინარეობს რედაქტირება)
https://lnt.org/get-involved/training-courses/online-courses/
https://www.youtube.com/watch?v=_VK6dJAfbM8
თემატიკა 1.3:
სათავგადასავლო ტურიზმის ღირებულებები და პრინციპები
უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა!
სათავგადასავლო ტურიზმში შეუძლებელია რისკების მთლიანად გამორიცხვა, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა საფრთხეების ეფექტურად მართვა, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს გამყოლის და ჯგუფის წევრების უსაფრთხოება.
საკითხი 1.3.1. უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა
რისკების მართვა სათავგადასავლო გარემოს მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. სათავგადასავლო ტურიზმს განუყოფლად თან სდევს ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებით გამოწვეული რისკები, ამიტომ, ტურის მომზადებისას და ტურზე ყოფნისას, ჩვენი ამოცანაა გამუდმებით ვიფიქროთ რისკებზე, შევაფასოთ ისინი და გადავდგათ ნაბიჯები მათი შემცირებისთვის.
-
სათავგადასავლო ტურიზმში შეუძლებელია რისკების მთლიანად გამორიცხვა, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა საფრთხეების ეფექტურად მართვა, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს ჩვენი საკუთარი და ჯგუფის წევრების უსაფრთხოება.
-
რა არის რისკების მართვა? რისკების მართვა არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც ადამიანი გამოიცნობს და აფასებს საფრთხეებს და რისკებს და შეიმუშავებს მიდგომას თუ როგორ უნდა შეამციროს ეს რისკები მინიმუმამდე. სათავგადასავლო ტურზე მყოფმა ადამიანმა სიღრმისეულად უნდა გაიაზროს და აღიაროს, რომ საფრთხეები სათავგადასავლო ტურიზმის ნებისმიერ სახეობის განუყოფელი, მუდმივი ნაწილია და რომ ველურ გარემოში მოხვედრის პირველივე წუთიდან ადამიანისთვის ეს საფრთხეები გარდაუვალია. თუ მიუხედავად ყველა მცდელობისა ინციდენტი მაინც მოხდება, ჩვენ ყველანაირად - პროფესიულად, მორალურად, ტექნიკურად, მომზადებული უნდა ვიყოთ ამ ინციდენტზე შესაბამისი რეაგირებისთვის.
საკითხი 1.3.2. ბუნებაზე ზრუნვის საბაზისო პრინციპები
სათავგადსავლო აქტივობების უმეტესობა ველურ გარემოში ხორციელდება. ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი მიდგომა ბუნების მიმართ და მასზე მუდმივი ზრუნვა, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ თქვენი გავლენა და შეინარჩუნოთ გარემოს ბუნებრივი სილამაზე. დაიცავით Leave No Trace (LNT) პრინციპები და გაიდლაინები, რომელიც შემუშავებულია ამავე სახელის ორგანიზაციის მიერ, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ თქვენი გავლენა გარემოზე. ეს პრინციპები მოიცავს ნებისმიერი ნაგვის შეფუთვას და ნაგავსაყრელამდე წაღებას, გარემოს ბუნებრივი მახასიათებლების ხელუხლებლად დატოვებას, არსებული ბილიკის და/ან კვალის გამოყენებას, საბანაკე ადგილის მინიმალური ზომების შერჩევას, ბანაკის ცეცხლის ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას, და ა.შ.
-
მიჰყევით დადგენილ ბილიკებს და მოერიდეთ ახალი მარშრუტების გაკვალვას. ეს შეამცირებს ნიადაგის ეროზიას და დაიცავს ახალგაზრდა, სუსტ მცენარეულობას განადგურებისგან; არ გაჭრათ ნიადაგი ბანაკის ტერიტორიის წყლის ნაკადებისგან დასაცავად - ეს წლობით აზიანებს ნიადაგს და იწვევს ეროზიას;
-
პატივი ეცით ველურ ბუნებას: დააკვირდით ველურ ბუნებას შორიდან და მოერიდეთ ფაუნის წარმომადგენლების შეწუხებას ან კვებას. ნუ მიუახლოვდებით და ნუ ეცდებით გარეულ ცხოველებს შეეხოთ, რადგან ეს შეიძლება იყოს საზიანო როგორც თქვენთვის, ასევე მათთვის.
-
არ იხმაუროთ: შეამცირეთ ხმაურის დონე მინიმუმამდე, რათა შეინარჩუნოთ სიმშვიდე ბუნებრივ გარემოში და პატივი სცეთ სხვა ტურისტების გამოცდილებას.
-
საბანაკე ადგილები: შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ დანიშნული საბანაკე ადგილები, აირჩიეთ უკვე გამოყენებული საკარვე მოედნები და დაიცავით კემპინგის LNT პრინციპები.
-
არ დატოვო ნარჩენები: წამოიღეთ ტურიდან ნებსიმიერი ნაგავი, მათ შორის საკვების შესაფუთი, ხელსახოცები და ჰიგიენური საშუალებები. ნუ დატოვებთ საკვებ ნარჩენებს, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ველურ ბუნებას და გააფუჭოს გარემო. ატარეთ სპეცილური პაკეტები/ჩანთა ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირებისთვის.
-
სწორად მართე ადამიანური ნარჩენები: დაიცავით Leave No Trace პრაქტიკა ადამიანის ნარჩენების განადგურებისთვის. დამარხეთ მყარი ნარჩენები მინიმუმ 15-20 სმ სიღრმეზე და მინიმუმ 70 მოზრდილი ნაბიჯის მოშორებით წყლის წყაროებიდან, ბილიკებიდან და ბანაკებიდან. გამოიყენეთ ბიოდეგრადირებადი ტუალეტის ქაღალდი.
-
მინიმუმამდე დაიყვანე ცეცხლის ზეგავლენა გარემოზე: შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ არსებული სახანძრო ორმოები ან ნაცეცხლარები ცეცხლის დასანთებად. გაითვალისწინეთ, რომ ბევრ ადგილას ცეცხლის დანთება საერთოდ აკრძალულია. გამოიყენეთ მხოლოდ ჩამოგდებული ტოტები. ყოველთვის შეამოწმეთ წასვლის წინ ნაცევხლარი და დარწმუნდით რომ არ არსებობს ცეცხლის გაღვივებას. გამოიყენეთ შარდი ცეცხლის კერის ჩასაქრობად.
https://lnt.org/get-involved/training-courses/online-courses/
საკითხი 1.3.3. ადგილობრივი კულტურის და ტრადიციების გაფრთხილება
საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის აქტივობების უმეტესობა შეხებაში მოდის ადგილობრივ თემთან. აუცილებელია ადგილობრივი ტრადიციებისა და კულტურის პატივისცემა. ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს პოზიტიური ურთიერთობების დამყარებას ადგილობრივ თემებთან, ხელს უწყობს კულტურულ გაცვლას და უზრუნველყოფს მნიშვნელოვან გამოცდილებას როგორც ვიზიტორისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის. გახსოვდეთ, რომ თემს შეიძლება ჰქონდეს სპეციფიური კულტურული გარემო და სპეციფიური მგრძნობიარობა სხვადასხვა საკითხების მიმართ. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეულ სიტუაციას მივუდგეთ გახსნილი გონებით, ცნობისმოყვარეობით და პატივისცემით. ამ პრინციპების დაცვით, თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ადგილობრივებთან პოზიტიური ურთიერთობის, ურთიერპატივისცემის ატმოსფეროს შექმნას, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და მდგრადი,პასუხისმგებლიანი ტურისტული პრაქტიკის განვითარებას.
-
პატივისცემით მოეპყარით კულტურულ და ისტორიულ ადგილებს: არ შეეხოთ არტეფაქტებს, არ დატოვოთ წარწერები და ნახატები, არ წამოიღოთ რაიმე საგნები. შეიტყვეთ რაც შეიძლება მეტი იმ ტერიტორიის ისტორიასა და მნიშვნელობაზე, რომელსაც თქვენ სტუმრობთ და დააფასეთ იგი.
-
მოიკვლიეთ ინფორმაცია წინასწარ: გაეცანით ადგილობრივ ადათ-წესებს, ტრადიციებსა და კულტურულ პრაქტიკებს იმ ტერიტორიის შესახებ, რომლის მონახულებასაც აპირებთ. შეისწავლეთ ადგილობრივი საზოგადოების ისტორია, რწმენა და ღირებულებები, რათა უკეთ გაიგოთ მათი ცხოვრების წესი.
-
ჩაიცვით სათანადოდ: პატივი ეცით ადგილობრივ ნორმებს და ჩაიცვით მოკრძალებულად, განსაკუთრებით კონსერვატიულ ან ტრადიციულ ადგილებში. მოერიდეთ ტანსაცმელს, რომელიც შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი ან შეუსაბამო და გაითვალისწინეთ მხრების, მუხლების ან სხეულის სხვა ნაწილების დაფარვა საჭიროებისამებრ.
-
ყურადღება მიაქციეთ ენას და კომუნიკაციას: ისწავლეთ რამდენიმე ძირითადი ფრაზა ან მისალმება ადგილობრივ ენაზე ან დიალექტზე. გამოიყენეთ თავაზიანი და პატივისცემის ენა ადგილობრივებთან ურთიერთობისას და იყავით მომთმენი, განსაკუთრებით თუ არსებობს ენობრივი ბარიერები.
-
ითხოვეთ ნებართვა: მოიპოვეთ ნებართვა წმინდა ან შეზღუდულ ადგილებში შესვლამდე, როგორიცაა ტაძრები, სალოცავები ან კერძო საკუთრება. დაიცავით ადგილობრივი საზოგადოების ან ხელისუფლების მიერ მოწოდებული ნებისმიერი კონკრეტული სახელმძღვანელო მითითება.
-
პატივი ეცით ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს და ტრადიციებს: დაიცავით და პატივი ეცით ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, რიტუალებსა და ტრადიციებს. მოერიდეთ ქცევებს, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს უპატივცემულოდ ან შეურაცხმყოფლად, როგორიცაა წმინდა საგნების შეხება ან ცერემონიების შეწყვეტა.
-
მხარი დაუჭირეთ ადგილობრივ ეკონომიკას და საზოგადოებას: პრიორიტეტი მიანიჭეთ ადგილობრივი ბიზნესის, ხელოსნებისა და სერვისების მხარდაჭერას. შეიძინეთ ადგილობრივი პროდუქტები, ხელნაკეთობები და სუვენირები, რაც უზრუნველყოფს უშუალო ეკონომიკურ სარგებელს საზოგადოებისთვის.
-
გაითვალისწინეთ ადგილობრივების მგრძნობიარობა ფოტო/ვიდეო გადაღების მიმართ: ითხოვეთ ნებართვა პიროვნების, კულტურული ღონისძიებების ან რელიგიური ადგილების ფოტოების გადაღებამდე. დაიცავით ადგილობრივი საზოგადოების მიერ დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა ფოტოგრაფიის ან ვიდეო გადაღების შესახებ.
-
მოერიდეთ ხმაურს და გამომწვევ ქცევას: იყავით მორიდებული და დაიცავით სიმყუდროვე, განსაკუთრებით კერძო სასტუმროებსა და გესთჰაუზებში, სადაც ოჯახიც ცხოვრობს, სალოცავებთან. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ქმედებებსა და ქცევას, დარწმუნდით, რომ ისინი შეესაბამება ადგილობრივ ნორმებსა და ღირებულებებს.
-
ისწავლეთ ადგილობრივებისგან: გაცვალეთ კულტურული გამოცდილება ადგილობრივებთან, იყავით მათთან ღია და გახსნილი მათგან სწავლისთვის. დაიხმარეთ ადგილობრივი გიდები და თემის წევრები, რომელთაც შეუძლიათ გაგიზიარონ ღირებული ინფორმაცია მათი ტრადიციების, ადათების და ცხოვრების წესის შესახებ.
ბმულები: (მიმდინარეობს რედაქტირება)
https://lnt.org/get-involved/training-courses/online-courses/
https://www.youtube.com/watch?v=_VK6dJAfbM8
თემატიკა 1.4:
სათავგადასავლო ტურიზმის ინდუსტრია
ძირითადი გზავნილი:
ტუროპერატორები, გამყოლები, სამაშველო ორგანიზაციები, სამთო ქოხები და თავშესაფარები, ბილიკები და სპეციალური ატრაქციები (ვია ფერატა, ზიპლაინი, ა.შ.), დაცული ტერიტორიები, ადგილობრივი ტურისტული ადმინისტრაციული ერთეულები, DMO და ა.შ.
სათავგადასავლო ტურიზმი ჩამოყალიბდა როგორც სპეციალიზებული სექტორი ტურისტული ინდუსტრიის ფარგლებში. ხშირად მას ასევე მოიხსენიებენ როგორც ეკოტურიზმს, თუმცა ეკოტურიზმის განმასხვავებელი მახასიათებლები მას უდავოდ განცალკევებულ სტატუსს ანიჭებს. სათავგადასავლო ტურიზმის ინდუსტრია პირობით შეიძლება დაიყიოს 2 ნაწილად - კონვენციური სათვგადასავლო ტურიზმი, რომელიც მოიცავს სამთო-სათხილამურო კურორტებს, სათავგადასავლო ატრაქციებს და ა.შ. და სათავგადასავლო ტურიზმი ველური გარემოში, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა აქტივობებს, როგორიცაა ალპინიზმი, ლაშქრობა, ჯომარდი, პარაგლაიდინგი, სპელოეტურიზმი და ა.შ.
საკითხი 1.4.1. სათავგადასავლო ტუროპერატორები
სათავგადასავლო ტუროპერატორი კომპანიები შეიმუშავებენ, გეგმავენ და აწყობენ სათავგადასავლო ტურებსა და აქტივობებს. ისინი ქმნიან პროგრამას, ამუშავებენ ლოჯისტიკას, ზრუნავენ უსაფრთხოების ზომებზე, ორგანიზებას უწევენ გამყოლების, მზიდავების და სხვა სახის სერვისებს. ტურო-ოპერატორები ტურისტებს სთავაზობენ კონსოლიდირებულ, ერთიან პაკეტს.
საკითხი 1.4.2. სათავგადასავლო გამყოლები, ინსტრუქტორები
-
ეს პროფესიონალები მუშაობენ დამოუკიდებლად და ტურო-ოპერატორების დაქირავებით სათავგადასავლო ჯგუფებთან. ისინი თავად არიან პასუხისმგებელნი საველე გასვლების დროს უსაფრთხოებაზე, სტუმრების კომფორტზე, მიზნის მიღწევაზე. ხშირად გამყოლები ასევე სთავაზობენ ტურისტებს და ტურისტულ კომპანიებს მომსახურების სრულ პაკეტს. სერტიფიცირებულ გამყოლებს და მიმართულების ინსტრუქტორებს აქვთ სიღრმისეული ცოდნა მათი სპეციფიური საქმიანობისა და გარემოს შესახებ.
საკითხი 1.4.3. აღჭურვილობის მწარმოებლები, მაღაზიები, გაქირავების პუნქტები
კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ და მათი წარმომადგენლები და საცალო ვაჭრობის მაღაზიები რომლებიც ყიდიან სათავგადასავლო აღჭურვილობას და ტანსაცმელს, მათ შორის სალაშქრო, საკემპინგე, სათხილამურო, საწყალოსნო, სამთო, საცოც ტანსაცმელს და აღჭურვილობას. ეს აქტორები გადამწყვეტ როლს ასრულებენ სათავგადასავლო ინდუსტრიის არსებობაში, ვინაიდან პრაქტიკულად ნებისმიერი მიმართულება მოითხოვს სპეციალურ აღჭურვილობას. სულ უფრო და უფრო მეტ გავრცელებას პოვებს და პოპულარობას იძენს აღჭურვილობის გაქირავების სერვისი, რომლითაც, უპირველეს ყოველისა, დამწყები თავგადასავლის მაძიებლები ინტერესდებიან.
საკითხი 1.4.4. ეროვნული და რეგიონული ტურისტული ორგანიზაციები
სამთავრობო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო/საჯარო პარტნიორობები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სათავგადასავლო ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციაზე, ტურისტებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე. მათ რიგის განეკუთვნებიან ტურიზმის ეროვნული სააგენტო, მიმართულების მართვის ორგანიზაციები, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები და ა.შ.
საკითხი 1.4.5. განთავსების ობიექტები
ავიახაზები, ავტობუსების კომპანიები, მანქანების გაქირავების სააგენტოები, კერძო მფლობელები და სხვა პროვაიდერები, რომლებიც უზრუნველყოფენ ტურისტების გადაადგილებას სათვგადასავლო ტურის დაწყების ადგილამდე და უკან.
საკითხი 1.4.6. ბუნებადაცვითი ორგანიზაციები
საჯარო და კერძო ორგანიზაციები და ინტერეს ჯგუფები, რომლებიც ორიენტირებული არიან სათავგადასავლო აქტივობების განხორციელების ლოკაციებზე გარემოს დაცვასა და შენარჩუნებაზე. მათი სამუშაო მიმართულია ამ ტერიტორიების ხელუხლებლად დაცვისაკენ, მდგრადი პრაქტიკის ადვოკატირებისა და ბუნების მომავალი თაობებისათვის შენარჩუნებისაკენ.
საკითხი 1.4.7. სათავგადასავლო სპორტების კლუბები და ფედერაციები
სხვადასხვა სათავგადასავლო სპორტული მიმართულებების პოპულარიზაციის და განვითარების ხელშეწყობის საზოგადოებრივი და ოფიციალური ორგანიზაციები, რომლებიც აყალიბებენ კონკრეტული მიმართულების პოლიტიკას, სტანდარტებს, რეიტინგებს, წესებს და ატარებენ შეჯიბრებებს. ასეთი ორგანზიაციების რიგს განეკუთვნება: საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, საქართველოს მეკლდეურთა ფედერაცია, საქართველოს სკი-ტურის ქსელი, საქართველოს ველოტურიზმის ქსელი და ა.შ.
საკითხი 1.4.8. ადგილობრივი თემი
პოპულაური სათავგადასავლო ტურიზმის ლოკაციებზე მცხოვრები ადამიანები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტურისტების მიღებასა და მომსახურებაში. ადგილობრივებს შეუძლიათ შესთავაზონ ტურისტებს მომსახურების პრაქტიკულად მთელი სპექტრი - განთავსება, კვება, გამყოლობა, ტურისტული აქსესუარები და ა.შ. რაც უფრო მეტია ადგილობრივების ჩართულობა ტურისტების მომსახურებაში, მით უფრო მდგრადია ტურიზმის განვითარება კონკრეტულ ლოკაციაზე.
საკითხი 1.4.9. მედია, ფოტო-ვიდეო წარმოება
მოგზაურობის, სათავგადასავლო აქტივობების, ტურიზმის საკითხებზე მწერლები, ბლოგერები და ფოტოგრაფები, რომლებიც უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფებს საჯაროდ და ამით ხელს უწყობენ სათავგადასავლო აქტივობებში ამ აუდიტორიის აქტიურად ჩართულობას.
საკითხი 1.4.10. საგანმანათლებლო და ტრენინგ ინსტიტუციები
სკოლები, კოლეჯები და ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ ტრენინგს და განათლებას სათავგადასავლო გამყოლების, ინსტრუქტორებისა და პროფესიონალებისთვის. ეს შეიძლება იყოს როგორც არაფორმალური ისე ფორმალური განათლების პლატფორმები.
საკითხი 1.4.11. სათავგადასავლო ტურიზმის ასოციაციები
სათავგადასავლო მოგზაურობის სავაჭრო ასოციაცია (ATTA) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აერთიანებენ ინდუსტრიის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს თანამშრომლობისთვის, საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად და პასუხისმგებლიანი სათავგადასავლო ტურიზმის ღირებულებების და პრინციპების გასამტკიცებლად.
ბმულები: (მიმდინარეობს რედაქტირება)
https://lnt.org/get-involved/training-courses/online-courses/
https://www.youtube.com/watch?v=_VK6dJAfbM8
თემატიკა 1.5: სათავგადასავლო აქტივობები საქართველოში
საქართველო გამორჩეულია თავისი მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსებით, რაც ქმნის იდეალურ პირობებს სათავგადასავლო აქტივობებისთვის. მისი ულამაზესი გარემო, რომელიც ჯერ კიდევ მოშორებულია ურბანულ განვითარებას, დამატებით ხიბლს სძენს და ამავდროულად განსაკუთრებულ მოთხოვნებს აყენებს უსაფრთხოების თვალსაზრისით.
სათავგადასავლო ტურიზმი გულისხმობს ამაღელვებელ აქტივობებში ჩართვას, რომელიც ხშირად მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას და რისკის ელემენტს. მაგალითები მოიცავს ლაშქრობას, კლდეზე ცოცვას, მთამსვლელობას, ჯომარდობას, ზიპლაინს, პარაპლანს, გამოქვაბულს და ა.შ. სათავგადსავლო ტურიზმის შეიძლება ხორციელდებოდეს ხმელეთზე, წყალში და ჰაერზე. როგორც წესი, სათავგადასავლო ტურიზმი დაკავშირებულია არაურბანულ ლოკაციებზე მოგზაურობასთან, ტრანსპორტის არატრადიციული სახეობებით.
საკითხი 1.5.1. სათავგადასავლო აქტივობები ხმელეთზე
-
რეკრეაციული ფეხით სიარული (Hiking) : რამოდენიმე საათი ქვეითად სიარული ბუნებაში გაკვალულ ბილიკებზე, ბუნების წიაღით ტკბობის, ემოციური განტვირთვის, ჯანმრთელობის გამტკიცების, რეკრეაციის, ფიზიკური ვარჯიშის და დასვენების მიზნით. როგორც წესი, ბუნებაში სეირნობის ხანგრძლივობაა რამოდენიმე საათი და არ მოიცავს ღამისთევას კარვებში. ბუნებაში სასეირნო ბილიკები როგორც წესი არის მარტივი, თუმცა შესაძლებელია გვხვდებოდეს შედარებით რთული მონაკცეთებიც. ბუნებაში სეირნობა არ მოითხოვს მძიმე ზურგჩანთის და საბანაკე აღჭურვილობის ტარებას. როგორც წესი, ჰაიკინგი არ მოითხოვს განსაკუთრებულ ფიზიკურ მონაცემებს და ხელმისაწვდომია ფართო ასაკობრივი დიაპაზონის ადამიანებისთვის, სპეციალური მომზადების გარეშე.
-
ლაშქრობა (Backpacking): ჰაიკინგისგან განსხვავებით, ლაშქრობა (Backpacking) მოითხოვს საბანაკე აღჭურვილობის, საკვების, წყლის და სხვა საჭირო ნივთების/აქსესუარების ტარებას ზურგჩანთით რამოდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. ლაშქრობის დროს მოგზაურები ღამეს ათევენ მარშრუტის გასწვრივ არსებულ ან სახელდახელოდ შექმნილ ღამისსათევებზე - კარვებში, თავშესაფარებში, ა.შ. ამგვარი მოგზაურობა ხშირად ხორციელდება ცივილიზაციისგან მოშორებულ ტერიტორიებზე, სადაც ადამიანს მეტი შესაძლებლობა ეძლევა სრულფასოვნად შეიცნოს ველურ ბუნებაში ყოფნის ხიბლი. ამავდროულად, ლაშქრობას ველურ ბუნებაში მეტი მოსალოდნელი და მოულოდნელი გამოწვევები და სირთულეები ახლავს თან, ამიტომ ლაშქრობისთვის ადამიანს შესაბამისი აღჭურვილობა, შესაბამისი ფიზიკური მომზადება, ტურის დეტალების ზედმიწევნით დაგეგმვა და შესაბამის ტექნიკური უნარების ფლობა მოეთხოვება.
-
სამთო ლაშქრობა (Trekking) - აღწერა: სამთო ლაშქრობა ველურ ბუნებაში, ცივილიზაციისგან შორს ერთ ან მრავალდღიან მარშრუტზე ფეხით სიარულს გულისხმობს. მთავარი, რაც სამთო ლაშქრობას განასხვავებს ლაშქრობისგან და ჰაიკინგისგან, ეს რელიეფის სირთულეა. სამთო ლაშქრობა, როგორც წესი, მიმდინარეობს სუბალპურ და ალპურ ზონებში, მდინარეების, ხევების, ციცაბო ფერდების, თოვლის მონაკვეთების, კლდოვანი ფლატეების, ბასრი უღელტეხილების, მორენების და ზოგჯერ მყინვარების გადკავეთით. სამთო ლაშქრობა მოითხოვს სპეციალური ტექნიკური უნარების ფლობას, ნავიგაციის კარგად ცოდნას, მრავლობითი საფრთხეების გამოცნობას. უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა, პატარა მონაკეთებზე თოკის გამოყენებაც იყოს საჭირო.
-
კლდეზე ცოცვა (Rock Climbing) - ასვლა ციცაბო ბუნებრივ კლდეებზე და ხელოვნურ საცოც კედლებზე ფიზიკური ძალის, სპეციალური ტექნიკური ილეთების და გონებრივი კონცენტრაციის გამოყენებით. ასვლა ბუნებრივ კლდოვან რელიეფზე ერთ და მრავალთოკიან მარშრუტებზე.
-
ვია ფერატა (Via Ferrata): ასვლა დამრეც და ციცაბო კლდოვან რელიეფზე მყარად დამაგრებული კიბეების, ხიდების და ტროსების სისტემის მეშვეობით.
-
მთასვლელობა/ალპინიზმი ასვლა ან ასვლის მცდელობა კლდოვანი, თოვლიანი, ყინულოვანი და კომბინირებული რელიეფის გავლით მთის მწვერვალებზე სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების, სპეციალური ტექნიკური უნარების, გამორჩეული ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების მეშვეობით.
-
ფრირაიდი: სრიალი თხილამურების გამოყენებით გაუკვალავ თოვლიან ფერდებზე
-
ოვერლანდ ტურიზმი Overland Touring: მაღალი გამავლობის ავტომობილებით, რთულად მიღწევადი, ცივილიზაციას მოშორებული ლოკაციების მონახულება, კულტურული, ბუნებრივი ღირსშესანიშნავობების გაცნობის და მოგზაურობის განმავლობაში სხვადასხვა სათავგადასავლო აქტივობების განხორციელების მიზნით.
-
სკიტურინგი: ასვლა და დაშვება სკი-ტურის თხილამურების გამოყენებით გაუკვალავ თოვლიან ფერდებზე, ქედებზე და უღელტეხილებზე.
-
სკიალპინიზმი: მთის მწვერვალებზე ასვლა ან ასვლის მცდელობა სკი-ტურის თხილამურების, ალპინისტური აღჭურვილობის, გაუკვალავ თოვლში სრიალის და ალპინისტური ტექნიკის გამოყენებით, სამთო მწვერვალებზე გაუკვალავი თოვლიან ფერდების, ქედების და შერეული კლდოვან-თოვლიან-ყინულოვანი მონაკვეთების გავლით.
-
საცხენოსნო ტურიზმი: მოგზაურობა ცხენით, ბუნებრივი, კულტურული და ტრადიციული ღირსეშანიშნაობების გაცნობის მიზნით.
-
სამთო ველოტურიზმი: მოგზაურობა მთაგორიანი რელიეფისთვის სპეციალურად შექმნილი ველოსიპედებით ბუნებრივი, კულტურული და ტრადიციული ღირსეშანიშნაობების გაცნობის მიზნით.
საკითხი 1.5.2. სათავგადასავლო აქტივობები წყალზე
-
წყალჯომარდობა (Rafting): ჯგუფური დაშვება გასაბერი ნავით მდორე ან ჩქარ მდინარეებზე. (ჯომარდი — „გულადი“, „ყოჩაღი“). წყალჯომარდობისთვის გამოიყენება გასაბერი ნავი. დაშვება ხდება სხვადასხვა სირთულის მთის მდინარეებზე. სირთულის მიხედვით წყალჯომარდობა იყოფა რამოდენიმე კატეგორიად, რასაც განაპირობებს დინების სიჩქარე, რელიეფის სირთულე, წინააღმდეგობები დინების მიმართულებით, ჩანჩქერები და ა.შ. წყალჯომარდობა შეიცავს გარკვეულ რისკებს და შეიძლება საშიში იყოს ადამიანის სიცოცხლისთვის თუ არ არის დაცული შესაბამისი უსაფრთხოების ზომები. საფრთხე შეიძლება მოდიოდეს როგორც გარემო პირობებიდან, ასევე მონაწილეების არასწორი ქცევის გამო.
-
ყვინთვა (Scuba Diving): ყვინთვა არის აქტივობა წყლის ქვეშ, რომლის დროსაც მყვინთავები იყენებენ დამოუკიდებელ სასუნთქ აღჭურვილობას. სახელწოდება SCUBA არის აკრონიმი Self-Contained Underwater Breathing Apparatus”, რომელიც შემოიტანა კრისტიან ჯ. ლამბერცენმა 1952 წელს წარდგენილ პატენტში. ყვინთვა (სკუბა დაივინგი) შეიძლება განხორციელდეს რეკრეაციულად ან პროფესიონალურად, მათ შორის სამეცნიერო, სამხედრო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებისთვის).
-
კანოენინგი (Canoeing)
საკითხი 1.5.3. სათავგადასავლო აქტივობები ჰაერში
-
პარაგლაიდინგი (Paragliding) პარაგლაიდინგი არის როგორც რეკრეაციული, ისე სპორტული დისციპლინა და გულისხმობს წაგრძელებული გუმბათოვანი კონსტრუქტციის უძრავო საფრენი აპარატით ფრენას აეროდინამიული ძალების გამოყენებით.
საკითხი 1.5.4. სათავგადასავლო აქტივობები შერეულ გარემოში
-
კანიონინგი (Canioning/Canioneering) კანიონინგი არის სპორტის და სათავგადასავლო ტურიზმის ექსტრემალური სახეობა. ეს არის თოკებით და თოკების გარეშე კანიონის გავლა, ჩანჩქერებიდან თოკების საშუალებით დაშვება, ჩანჩქერებიდან ხტომა (ჯამფინგი) და ჩანჩქერებზე სრიალით დაშვება (სლაიდინგი). კანიონინგის სირთულეს განაპირობებს ტექნიკური ილეთების (თოკთან მუშაობის ტექნიკამ, კლდეზე ცოცვის ტექნიკა, ჩქარ მდინარეში ცურვა) და საფრთხეების (ქვათცვენა, ჰიდრავლიკური მოვლენები, მეტეოროლოგიური პირობები და ა.შ.) კომპექსურობა.
-
სპელეოტურიზმი (Caving): მიწისქვეშა მღვიმეების მონახულება და შესწავლა შემეცნებითი, არქეოლოგიური, ისტორისუული, კულტურული თუ საბუნებისმეტყველო ინტერესებისთვის.
-
ჰელი სკი (სათხილამურო ტურები გაუკვალავ თოვლში ვერტმფრენით)